საქართველო - ჩემო ქვეყანა
საქართველო უნიკალური ქვეყანაა კულტურის, რელიგიის, თვალწარმტაცი ბუნებისა და უძველესი ისტორიის. ამ პატარა ტერიტორიაზე საოცრადაა შერწყმული ყველაზე კონტრასტული, რაც შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს - მარადიული თოვლით დაფარული მწვერვალები თუ სუბტროპიკული სანაპიროები, უდაბნო თუ ხშირფოთლოვანი ტყე, თანამედროვე ქალაქები თუ უძველესი სოფლები.
საქართველო მდებარეობს სამხრეთ კავკასიაში, შავი და კასპიის ზღვებს შორის. იგი დაახლოებით სამი ათას ხუთასი წლის ისტორიის მქონე ქვეყანაა და თითქმის ორი ათასი წელია, რაც აქ ქრისტიანობაა გავრცელებული.უძველესი დროიდან საქართველოს ღვინის სამშობლოდ მოიხსენიებენ. ქვეყანას ღვინის დამზადების ძალიან დიდი ტრადიცია აქვს. არქეოლოგები და ისტორიკოსები ფლობენ ისტორიულ მასალას 7000-წლოვანი ქართული ყურძნის ჯიშებისა და კიდევ უფრო ძველი ღვინის ჭურჭლის შესახებ. მეცნიერთა მტკიცებით, ყურძნის უძველესი ჯიშები სწორედ საქართველოშია აღმოჩენილი.საქართველოს მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 5 მილიონს. ქვეყნის ოფიციალური ენა ქართულია. ეს არის ერთადერთი ენა იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახში, რომელსაც უძველესი დამწერლობა და საკუთარი ანბანი აქვს. ქართული ანბანი მსოფლიოში არსებული 14-დან ერთ-ერთია. მისი წარმოშობის რამდენიმე ვერსია არსებობს, თუმცა ყველაზე გავრცელებული მოსაზრებით, იგი წინარექრისტიანულ ეპოქაშია შექმნილი.თბილისი საქართველოს დედაქალაქი მე-5 საუკუნიდანაა. ქალაქის დაარსებას საინტერესო ისტორია აქვს. ლეგენდის მიხედვით, თბილისის მშენებლობას მეფე ვახტანგ გორგასლის დროს ჩაეყარა საფუძველი. ქალაქი თბილი მინერალური წყლის საბადოებზეა აშენებული და აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც. საქართველოს დედაქალაქი გახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი მთელ კავკასიაში. თბილისის ღირსშესანიშნაობებიდან აღნიშნავია მთაწმინდა, მეტეხის ტაძარი, რომელიც კლდის წვერზე დგას და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს, ნარიყალა - ციხე-გალავნის ნაშთი, სიონის ტაძარი და სხვა მრავალი.საქართველოს უმშვენიერესი არქიტექტურა, ძირითადად, წარმოდგენილია უძველესი ტაძრებით, ეკლესიებითა და ციხესიმაგრეებით, რომლებიც, მიუხედავად ისტორიული ქარტეხილებისა, ქვეყანაში მრავლადაა შემორჩენილი. ფორმების სიმარტივე, ეფექტური დიზაინი, ჰარმონიული პროპორციები, უმშვენიერესი ორნამენტები და იდეალური შერწყმა გარემომცველ ბუნებასთან ქართული არქიტექტურის უდიდესი ღირსებაა. ეკლესიების ძირითადი ტიპი არის ბაზილიკა. ქართული ბაზილიკის უძველესი ნიმუშები მე-4 მე-6 საუკუნეებით თარიღდება.რაც მთავარია, ქვეყანას საამაყო და უნიკალური პოლიფონიური სიმღერების ტრადიცია აქვს. მრავალხმიანი ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები მსოფლიოს ცნობილი პროფესიონალების ყურადღებას იპყრობენ. საქართველო გამოირჩევა სპეციფიკური სამზარეულოთი და სახელგანთქმული სტუმართმოყვარეობით. ქართული სტუმართმოყვარებით მოხიბლულ უცხოელ ტურისტებს ხშირ შემთხვევაში სწორედ ამის გამო უჩნდებათ მისი ხელახალი მონახულების სურვილი.საქართველო ცნობილია მრავალფეროვანი პეიზაჟებით. მოგზაურებს ქვეყნის ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად ფართო არჩევანი ეძლევათ. მათ შეუძლიათ იხილონ ისტორიული ძეგლები, უნიკალური არქიტექტურა, ხელოვნების განუმეორებელი ნიმუშები, უძველესი ტრადიციები, კულტურა, მომხიბვლელი კავკასიის მთათა სისტემა, უნიკალური კურორტები და ეროვნული პარკები. ასევე შესაძლებლობა ექნებათ, იგემონ უგემრიელესი ქართული კერძები და ღვინო, გაიცნონ მეგობრული და სტუმართმოყვარე ხალხი.
Комментариев нет:
Отправить комментарий